რატომ ხდება მიწისძვრები?


მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა.

ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ.

საზოგადოდ მიწისძვრათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვულკანის მოქმედება, კარსტული ჩაქცევები, აფეთქებები და სხვა, მაგრამ ასეთი მიწისძვრები ჩვეულებრივ საკმაოდ სუსტია (თუ არ ჩავთვლით ბირთვული აფეთქებებით გამოწვეულ მიწისძვრებს). ამიტომ, როცა მიწისძვრებზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ ე.წ. ტექტონიკურ მიწისძვრებს, რომელთა გამომწვევი მიზეზები დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესებია. ეს პროცესები იწვევს დედამიწის ქერქის მთლიანობის უეცარ რღვევას, რასაც თან ახლავს დრეკადი ტალღების გამოსხივება. სწორედ ეს დრეკადი ტალღებია დედამიწის ზედაპირის რხევის მიზეზი და ამ რხევას ჩვენ მიწისძვრას ვუწოდებთ.

ფილაქანთა თეორიამ ანუ გლობალური ტექტონიკის თეორიამ მთლიანობაში ამომწურავად ახსნა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. ფილაქანთა თეორიის მიხედვით ლითოსფერო შედგება რამდენიმე დიდი ფილაქნისაგან და ეს ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ. ჩვეულებრივ გამოყოფენ 6 დიდ, კონტინენტური ზომის, ფილაქანს: აფრიკის, ამერიკის, ანტარტიკის, ავსტრალია-ინდოეთის, ევრაზიის და წყნარი ოკეანის, და 14 შედარებით მცირე სუბკონტინენტური ზომის ფილაქანს: ფილიპინების, კარიბის, არაბეთის და ა. შ. ლითოსფერული ფილაქნები მოძრაობენ შედარებით ბლანტ ასთენოსფეროზე. დიდი ფილაქნების საზღვრებზე მრავალი პატარა მიკროფილაქანი იქმნება. ფილაქნების ურთიერთ მოძრაობა იწვევს ფილაქანთა შორის მოთავსებული შედარებით ვიწრო სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას. დეფორმაციის გამო ხდება დაძაბულობის დაგროვება, ეს დაძაბულობა შეიძლება განიმუხტოს უეცრად (სეისმურად) ან ნელა (ასეისმურად). იმის გამო. რომ დეფორმაცია ძირითადად ფილაქნების საზღვრებზე ხდება, მიწისძვრების უმეტესობაც ამ საზღვრებთანაა კონცენტრირებული.

By huriccane

დატოვე კომენტარი